Airbnb პანდემიის პირობებში
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პლატფორმა „Airbnb“ 2008 წლიდან გლობალური მასშტაბით ოპერირებს და მოკლე ვადით საცხოვრებელი ფართის ქირაობის შესაძლებლობას გაძლევთ. მის წარმატებას დიდწილად ხელმისაწვდომი ფასები და ადგილობრივ კულტურასთან შერწყმის შესაძლებლობა განაპირობებს. წლების მანძილზე „Airbnb“ სხვადასხვა თაობის თანამოაზრეებსა და მოგზაურებს აერთიანებდა. თუმცა, მიმდინარე წლის კრიზისმა კომპანია არნახული გამოწვევების წინაშე დააყენა.
სასტუმრო სექტორის ყველა სხვა პლატფორმისა და კომპონენტის მსგავსად, „Airbnb“-მ COVID-19-ით გამოწვეული უდიდესი ზარალი განიცადა. თებერვლიდან მოყოლებული, მსოფლიოს მასშტაბით, გაუქმებული ჯავშნების რაოდენობა სულ უფროდაუფრო გაიზარდა. შექმნილ ვითარებაში კომპანიის თავდაპირველი რეაგირება გარემოების შემამსუბუქებელი ზომების დაწესება იყო, რაც მომხმარებლებს ჯავშნების გაუქმების და თანხის სრულად ანაზღაურების საშუალებას აძლევდა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ჯავშნები 14 მარტს ან მანამდე გაკეთდა და ვიზიტის პერიოდი 14 მარტიდან 30 ივნისამდე შუალედში იყო მოქცეული. აღნიშნულმა ქმედებამ ბინის მეპატრონეების უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით კი მათი, ვინც ძირითად შემოსავალს „Airbnb“-ზე დაფუძნებული მცირე ბიზნესიდან იღებდა. საბოლოოდ, კომპანიას მოუწია 250 მილიონი დოლარის გამოყოფა გაუქმებული ჯავშნების ღირებულების 25%-ის დასაფარად, რამაც ბინის მეპატრონეების რთული მდგომარეობა შეამსუბუქა.
გარდა ამისა, კომპანია გამოვიდა ინიციატივით და მსოფლიო მედიცინისა და დაავადებათა კონტროლის წამყვან დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავა დასუფთავების პროტოკოლი. თუ კი პლატფორმაზე ქონების განმთავსებლები დაიცავენ პროტოკოლით გათვალისწინებულ რეგულაციებს, თავიანთ გვერდებზე პოზიტიურ გამოხმაურებას მიიღებენ. თუ კი ამ ინიციატივას არ გაიზიარებენ, სტუმრების დადებითი შეფასებები აღარ გამოიკვეთება, მიმოხილვის ერთმანეთში აღრევა მოხდება.
საინტერესოა, პოსტ-პანდემიის პერიოდში, კრიზისის ფონზე, საკმარისი იქნება თუ არა აღნიშნული ზომები „Airbnb“-ის მომხმარებელთა ნდობის აღსადგენად. სასტუმრო სექტორი, „Airbnb“-სთან შედარებით, ხელსაყრელ პოზიციაშია, არა მხოლოდ ჯავშნების გაუქმების და თანხის ანაზღაურების კუთხით, არამედ ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხითაც, რაც მათი კლიენტების ნდობის აღდგენას გაამარტივებს. „მარიოტმა“ უკვე დააანონსა ელექტროსტატიკური ჰაერის გამწმენდი საშუალების დამონტაჟება, „ჰილტონი“ კი გეგმავს სასტუმროს ნომრების „დალუქვას“ სადეზინფექციო პროცედურების შემდეგ, ახალი სტუმრის მიღებამდე. „Airbnb“ და მისი მომხმარებლები კი ბინის მეპატრონეების იმედად რჩებიან, რომელთაც სადეზინფექციო სამუშაოები საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატარონ.
ვინაიდან, აღნიშნული საკითხები ჯერ კიდევ მოუგვარებელია, „Airbnb“ ახლებური ბიზნეს მოდელის ძიებაშია. იზრდება მოთხოვნა გრძელვადიან ვიზიტებზე, გარდა ამისა, აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი, რამაც დროებით ჩაანაცვლა საერთაშორისო ტურიზმი. ბინის მეპატრონეები ფოკუსირდნენ ადგილობრივ ვიზიტორებზე და ცდილობენ წარმოაჩინონ თავიანთი სახლები იდეალურ სივრცედ, როგორც დასვენების, ისე სახლიდან მუშაობის კუთხით. გლობალური პანდემიის პირობებში, მოთხოვნა გაიზარდა დროებით საცხოვრებლებზე და ეს სწორედ ის ნიშაა, რომლის დაკავებასაც „Airbnb“ მიზნად ისახავს.