2021 წლის მიმოხილვა, 2022 წლის მოლოდინები
მრავალი თვალსაზრისით, 2021 წელი აღდგენის წელი იყო; ეს ასევე იყო ცვლილებების წელი, რომელიც წარუშლელ გავლენას მოახდენს უძრავი ქონების ზოგიერთ სექტორზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვისწავლეთ პანდემიასთან ერთად ცხოვრება, ისიც ფაქტია, რომ მრავალი თვალსაზრისით სიტუაცია არასტაბილურია. სწორედ ომიკრონის ვარიანტის გაჩენამ, შემთხვევების რაოდენობის ზრდამ, გარკვეული შეზღუდვების ხელახლა შემოღებამ და აღდგენის ტრაექტორიის შესახებ გაურკვევლობის განახლებამ გამოიწვია ეს არასტაბილურობა.
მიუხედავად ამისა, მოლოდინები დადებითია. გლობალურად მზარდი ვაქცინაციის მაჩვენებლები და ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი წამახალისებელი ტენდენციაა. თბილისის სტუმართმოყვარეობის სექტორი, რომელიც ასე დამოკიდებულია საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობაზე, ისარგებლებს მსოფლიოს მოსახლეობის იმუნიტეტის გაზრდით. პირდაპირი ფრენების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა 2021 წელს; ჩვენ ველით, რომ 2022 წელს ავიაკომპანიები უფრო მეტ პირდაპირ მიმართულებას დაამატებენ. რაც შეეხება დედაქალაქის სასტუმროებს, დიდი ალბათობაა, რომ პროექტები, რომლებიც პანდემიის გამო შეჩერდა, კვლავ ტემპს აიღებენ. 2021 წელს ჭავჭავაძის გამზირზე Hilton Garden Inn ის პროექტი დაიძრა. 2022 წელს შესაძლოა ერთზე მეტი ახალი სასტუმრო ვიხილოთ თბილისის სტუმართმოყვარეობის სფეროში.
მოსალოდნელია, რომ საოფისე ბაზარი ცვალებადი იქნება 2022 წელს. ოპერატორები უნდა მოერგონ მოიჯარეების ცვალებად საჭიროებებს. მოსალოდნელია, რომ ქირის მოთხოვნა დაიწყებს ზრდას როგორც A, ასევე B კლასის ბიზნეს ცენტრებში. ოფისების შესყიდვაზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, გარკვეული დროით შენარჩუნდება, საოფისე შენობების დატვირთულობის კოეფიციენტის საზიანოდ. რაც ახლად აშენებული ბიზნეს ცენტრები უფრო ხელმისაწვდომი ხდება, მოთხოვნა გადაინაცვლებს მათკენ, ხოლო ძველი ბიზნეს ცენტრები ნახავენ ვაკანტურობის მაჩვენებლების ზრდას.
და ბოლოს, მოსალოდნელია, რომ საცალო ვაჭრობის ბაზარი განვითარდეს ორი ცალკეული მიმართულებით: თანამედროვე სავაჭრო ცენტრები გააგრძელებენ აღდგენას და მოიზიდავენ როგორც მოიჯარეებს, ასევე სტუმრებს. ამის საწინააღმდეგოდ, ქუჩის საცალო ვაჭრობა, ან ქუჩის საცალო ვაჭრობის ის ვერსია, რომელიც ადრე იყო დანერგილი, კვლავ განაგრძობს მოძველებას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩის საცალო ვაჭრობა დაკარგავს თავის მოიჯარეებს. ამის ნაცვლად ქუჩის საცალო ვაჭრობის სახე შეიცვლება მაღაზიების ვიტრინები, მოიჯარეების მიქსი გამოიცვლება იმის მიხედვით, რაც უფრო მეტად მოთხოვნადია დღეს, იქნება ეს F&B თუ ყოველდღიური საჭიროების მაღაზიები. როდესაც ჩვენ მივიწევთ ახალი მომავლისკენ, Cushman & Wakefield Georgia-ს გუნდს ყოველთვის ექნება ხელი უძრავი ქონების პულსზე, რათა გაგიზიაროთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ველოდოთ შემდეგში.