FOOD HALLS
საკვებისა და სასმელების ინდუსტრია 21-ე საუკუნეში სულ უფროდაუფრო ვითარდება და მრავალფეროვანი ობიექტების არჩევანს გვთავაზობს. გასულ ათწლეულში ძალიან პოპულარული გახდა Food Hall-ის კონცეფცია. ვინც ჯერ არ იცით, თუ რას გულისხმობს და მოიცავს Food Hall, გაეცანით ჩვენს პუბლიკაციას და აღმოაჩინეთ ყველაზე უფრო თანამედროვე და კონცეპტუალური საკვები სივრცე.
Food Hall-ის ზუსტი და ყოვლისმომცველი განმარტება, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ არსებობს. შესაბამისად, არც ქართულ ენაში გვაქვს ზუსტი შესატყვისი. Food hall-ის იდეა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების, დახვეწისა და განვითარების ფაზაშია. გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, გულისხმობს კონცეპტუალურ საკვებ სივრცეს, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი წარმოების, ჯანსაღი და ცოცხალი ინგრედიენტებით მომზადებული, ნაციონალურ რეცეპტებზე დაფუძნებული, გათანამედროვებული და უნიკალური პროდუქცია.
Food Hall-ის კონცეფცია ზუსტად ეხმიანება „გამოცდილების ეკონომიკის“ თეორიის შინაარს და მთავარ ასპექტებს, რომლის ავტორიც ფაინ და გილმორია (1998 წელი). ტერმინის მიხედვით, მომხმარებლების ქცევას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არა მხოლოდ მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხი, არამედ გამოცდილება, რომელსაც მათი შეძენისას ვიღებთ.
Food Hall-ის მთავარი ამოსავალი წერტილი მომხმარებელია და მისი სურვილებისა და მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის, სერვისის და გარემოს შეთავაზება. მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის სივრცეში წარმოგენილი ობიექტების მრავალფეროვნება, ადგილობრივი შეფ-მზარეულების ინოვაციურობა და ორიგინალობა, ჯანმრთელი პროდუქცია და კომფორტული, მიმზიდველი გარემო. სწორედ ამ ასპექტებმა განაპირობა ის წარმატება, რაც Food Hall-ებს ხვდა წილად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
თბილისში ბოლო წლების განმავლობაში არაერთი, სხვადასხვა ტიპისა და კონცეფციის საკვები ობიექტი გაიხსნა, თუმცა დედაქალაქში არ არსებობს Food Hall-ის ზუსტი ანალოგი.რა განსაკუთრებულობა ახასიათებს Food Hall-ს და რატომ არის მომხმარებლისთვის მიმზიდველი?! რომლებია მსოფლიოს ყველაზე წარმატებული Food Hall-ები და რა განაპირობებს მომხმარებლის ერთგულებას?! არის თუ არა თბილისი მზად ასეთი ტიპის საკვები სივრცის განვითარებისთვის?! - ამ შეკითხვებზე პასუხს სწორედ ამ პუბლიკაციაში წარმოგიდგენთ.