COVID-19: გავლენა სავაჭრო სექტორზე
COVID-19 მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიზნესის მთელ სპექტრს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან თითქმის უკვე 24 დღე გავიდა, თუმცა ინფიცირებულთა ზრდის დინამიკა შეზღუდვების მოხსნის საშუალებას არ იძლევა. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების თანახმად, ჩვენ მხოლოდ ახლა შევდივართ ვირუსის გავრცელების კრიტიკულ ფაზაში. სახელმწიფოს სრული ძალისხმევა ვირუსის გამკლავებისკენაა მიმართული.
კორონავირუსის შემაკავებელმა პოლიტიკამ - სავალდებულო კარანტინი, სამზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა, სოციალური დისტანცირება და სხვა შეზღუდვები - მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მომსახურების ინდუსტრიას, განსაკუთრებით სავაჭრო სექტორს. ბიზნესის ლიკვიდურობის საკითხი, პროდუქციით მომარაგების მიმდინარე და სამომავლო შეფერხებები, გადასახადებისა და ხელფასების გადაუხდელობა, უმუშევრობის საფრთხე და მეიჯარეებთან კომუნიკაციის სირთულე - ეს ის პრობლემებია, რაზეც მოვაჭრეებმა ჩვენთან ისაუბრეს. ასევე, მათ აღნიშნეს, რომ მთავრობის მხრიდან არსებული მოცემულობის შესამსუბუქებლად ჯერჯერობით არანაირი ღონისძიება არ გატარებულა.
სავაჭრო სექტორში მიმდინარე კრიზისის შესასწავლად, ჩვენ თბილისის ხუთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის და საქართველოს ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები გამოვკითხეთ. გამოკითხვა ჩატარდა მარტის ბოლო კვირას და მონაწილეების სურვილის თანახმად, მათი ვინაობა ანონიმურია. მოცემულ ანგარიშში შეჯამებულია კვლევის ძირითადი მიგნებები.